27.05.2025

საინტერესო სიახლეები გამწვანების მიმართულებით

2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცეების შეთავაზების მიზნით, ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ არაერთი ღონისძიება ხორციელდება. ბაღის ტერიტორიაზე მოხდა დაზიანებული მცენარეების ტერიტორიიდან გატანა და მათი ახლით ჩანაცვლება, კერძოდ, დამატებით 122 ძირი მრავალწლოვანი ნერგი დაირგო ფიჭვების ხეივანში, 10 ახალი ფინიკის პალმა შეემატა პრომენადის პალმების ხეივანს, ჯამში კი 1561 ძირი მრავალწლოვანი ხე-მცენარე და ბუჩქი დაირგო. ამავდროულად, დაზიანებული უბნების მოწესრიგების მიზნით, 3050 კვმ ფართობზე დაიგო ბუნებრივი ბალახის კორდი. საყვავილე კლუმბები გამრავალფეროვნდა სეზონური ყვავილებით, მათ შორისა: ბეგონია, ტაგეტესი, გაზანია,სალვია. სიახლეებია გამწვანების მიმართულებით ახალი ბულვარის ტერიტორიაზეც, კერძოდ, გასულ წელს მოწყობილ ზეთისხილის ხეივანს ზაფხულამდე დაემატება ახალი ფორმირებული ზეთის ხილის ხეები თანამედროვე პორტატულ ქოთნებში. ასევე, იგეგმება ახალი გამწვანებული სივრცის მოწყობა აკვაპარკის მიმდებარე, რომელიც 4 000 კვმ ტერიტორიაზე 1000-ძირამდე მრავალწლოვან და დეკორატიულ ხე-მცენარეს გააერთიანებს. აღნიშნული სიახლეები ახალ ბულვარს დამატებით ფუნქციურ მნიშვნელობას შესძენს და სივრცის ვიზუალურ მხარეს გააუმჯობესებს.