საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ბულვარის
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
ქალაქი ბათუმი
2023 წელი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
სსიპ ბათუმის ბულვარის (შემდგომში – ბულვარი) შინაგანაწესი (შემდეგში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“-ს, საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“-ს, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, სსიპ - „ბათუმის ბულვარი“-ს დებულების და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესაბამისად;
შინაგანაწესით განისაზღვრება ბულვარსა და ბულვარში დასაქმებულ პირებს შორის (შემდეგში - თანამშრომელი) არსებულ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები;
შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა ბულვარის ყველა თანამშრომლისათვის;
შინაგანაწესი წარმოადგენს თანამშრომლის სამუშაოზე მიღების ბრძანების ან/და შრომის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და შესასრულებლად სავალდებულოა;
თანამშრომელი სამუშაოს შესრულებისას, ასევე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მის სამსახურს და მოვალეობებს უკავშირდება.
მუხლი 2. შინაგანაწესის მიზნები
შინაგანაწესის მიზნებია:
შრომითი ურთიერთობის წარმართვა მე-3 მუხლში მითითებული საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად;
ბულვარსა და მის თანამშრომლებს შორის შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების რეგულირება;
თანამშრომელთა ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
თანამშრომელთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;
თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა;
თანამშრომელთა საქმიანობისას უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა;
თანამშრომელთა სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვა.
მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის პრინციპები
შრომითი ურთიერთობები ეფუძნება დამსაქმებლისა და თანამშრომლის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერებისა და კოლეგიალობის პრინციპებს;
ბულვარსა და მის თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;
დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროვებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით;
სექსუალურ შევიწროვებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
მუხლი 4. თანამშრომელთა ძირითადი ვალდებულებები
ბულვარის თანამშრომელი ვალდებულია:
დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა, სსიპ ბათუმის ბულვარის დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები მათ შორის ბათუმის ბულვარის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებები;
კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის დავალება (ბრძანება, მითითება), გარდა ისეთი დავალებისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
სპეციალური მითითების გარეშე განუხრელად დაიცვას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი პირობები;
დაიცვას სამსახურებრივი დაქვემდებარების სისტემა - სუბორდინაცია, ბულვარის მოქმედი სტრუქტურის შესაბამისად;
ხელმძღვანელთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები;
დაიცვას წინამდებარე შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული მოთხოვნები, ქცევის წესები, შრომის დისციპლინა, ეთიკისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები, სანიტარიულ - ჰიგიენური წესები;
შეასრულოს მისთვის დაკისრებული სამუშაო სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო;
დაიცვას ის წესები და პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან;
პასუხისმგებელია მისთვის მინდობილ მატერიალურ ფასეულობათა და ქონების დაცვაზე, იზრუნოს მათი მოვლა-პატრონობისთვის;
არ გამოცხადდეს ან/და არ იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თუ ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ;
როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით.
მუხლი 5. თანამშრომელთა უფლებამოსილებები
თანამშრომელი უფლებამოსილია:
მოითხოვოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
მიიღოს დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია უშუალო უფროსის ან/ და სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან;
წარმოადგინოს წინადადებები და შენიშვნები სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით;
მიიღოს შრომის ანაზღაურება დადგენილი წესით;
თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით;
ისარგებლონ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი შეღავათებით;
დადგენილი წესით ისარგებლოს შესვენებით, დასვენებით, უქმე დღეებით და შვებულებით;
თანამშრომელს უფლება აქვს მისდევდეს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულებაში მუშაობის პროცესს.
მუხლი 6. თანამშრომლის პირადი საქმე
თანამშრომელი ვალდებულია, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პირადი საქმის შედგენის მიზნით აუცილებლად წარმოადგინოს შედეგ დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ბულვარის დირექტორის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და/ან პასპორტი;
გ) პირად ინფორმაცია (ავტობიოგრაფია CV);
დ) განათლებისა და სხვა აკადემიური მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) ცნობა პირის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შესახებ, ცნობები ნასამართლობის და შესაბამისი უწყებიდან ნარკოდამოკიდებულების შესახებ;
ვ) შრომის წიგნაკი (მოთხოვნილებისამებრ);
დამსაქმებელს თანამშრომლის პირად საქმეში შეაქვს შემდეგი დოკუმენტაცია;
ა) დამსაქმებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი-ბრძანება სამუშაოზე მიღების შესახებ;
ბ) შრომის ხელშეკრულება;
გ) შრომის შინაგანაწესი და/ან გაცნობის დოკუმენტი;
დ) დამსაქმებლის მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი, მათ შორის თანამშრომლის მიმართ გატარებული დისციპლინური ღონისძიებების, საქმიანობის შეცვლის და სხვა.
მუხლი 7. ბულვარის თანამშრომელთათვის სამუშაო აღწერილობის გაცნობა
ბულვარის თანამშრომლებს შესაბამის სამუშაოს ინსტრუქციებს (ხელშეკრულების პირობები, სამუშაო აღწერილობა, შრომის შინაგანაწესი და სხვა) აცნობს ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში;
მუხლი 8. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემულ ბრძანების თანამშრომლებამდე დაყვანის წესი
სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გამოცემის უფლება აქვს ბულვარის დირექტორს;
ინდივიდუალური სახის ბრძანებას გამოსცემს ბათუმის ბულვარის დირექტორი, (მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში) უშუალოდ ერთ თანამშრომელზე ან თანამშრომელთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური სახის ბრძანება გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ბრძანება თანამშრომელს/თანამშრომელთა ჯგუფს გასაცნობად გადაეგზავნება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მართვის სისტემაში ან/და ბარდება პირადად.
მუხლი 9. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული, შესვენების დრო
ბულვარში სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება კვირაში 5 (ხუთი) სამუშაო დღით, ყოველდღიური დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება 8 (რვა) საათით. დასვენების დღედ მიჩნეულია კვირაში 2 (ორი) დღე – შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეები. დამსაქმებლის სამსახურებრივი ფუნქციების (ამოცანების) შეუფერხებლად განხორციელების მიზნისათვის თანამშრომელს ინდივიდუალური განრიგის მიხედვით შეიძლება დაევალოს გამოსასვლელ დღეებში, მათ შორის უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობა, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით (ზეგანაკვეთური ანაზღაურების ან დამატებითი დასვენების დროის მიცემის პირობით);
სამუშაოს დაწყების დროდ განისაზღვროს 09:00 საათი, ხოლო დასრულების დროდ -18:00 საათი, 1 - საათიანი შესვენების დროის გათვალისწინებით. თანამშრომლებს, რომლებსაც 12 (თორმეტი) წლამდე სასკოლო ან/და საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვ(ებ)ი ჰყავთ, მათი სამუშაო დროის განრიგი დგინდება ბულვარის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
სამუშაო დროის განმავლობაში თანამშრომელთათვის გათვალისწინებულია შესვენების დრო, რომელიც იწყება 13:00 საათიდან და გრძელდება 14:00 საათამდე;
ბათუმის ბულვარის დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ბულვარში დასაქმებულ ცალკეულ (ან/და ყველა დასაქმებულისთვის) პირთათვის სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების განსხვავებული დრო;
თანამშრომლის, სამსახურში 15 (თხუთმეტი) წუთზე მეტი დროით, ბათუმის ბულვარის დირექტორთან ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან, შეუთანხმებლად (3-ჯერ და მეტი დღით თვეში) დაგვიანება შეიძლება გახდეს საფუძველი, მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებისა. თანამშრომლის მიერ 15 (თხუთმეტი) წუთამდე დროით სამსახურში დაგვიანება არ იქნება განხილული დისციპლინურ დარღვევად;
თანამშრომელს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
მუხლი 10. ბულვარის ადმინისტრაციულ შენობაში შემოსვლის/გასვლის დაფიქსირება
თანამშრომელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამსახურში და იმყოფებოდეს სამუშაო საათების დასრულებამდე. თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში მოსვლის და სამსახურიდან გასვლის ფაქტი დააფიქსიროს საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ ტექნიკურ საშუალებაზე, ელექტრონული აღრიცხვის ბარათის მეშვეობით. ელექტრონული პროგრამის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება - გასვლა ფიქსირდება ხელმოწერის (სპეციალური ჟურნალი) მეშვეობით, რომელიც დამტკიცებულია ბულვარის დირექტორის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
სსიპ ბათუმის ბულვარის შტატგარეშე თანამშომლების - მუშებისა და მძღოლების სამსახურში გამოცხადება - გასვლა ფიქსირდება ხელმოწერის (სპეციალური ჟურნალი) მეშვეობით, რომელიც დამტკიცებულია ბულვარის დირექტორის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით;
ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის დაცვა სავალდებულოა, დასვენების და უქმე დღეებში სამსახურში გამოცხადების შემთხვევაშიც;
თანამშრომელი ვალდებულია, სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დრო და მიზეზი მოიწეროს შეტყობინების სახით ამისათვის სპეციალურად განკუთვნილ სამსახურეობრივ ფოსტაზე hr@boulevard.ge, რაც შეთანხმებული უნდა იყოს უშუალო უფროსთან. სპეციალურად განკუთვნილ სამსახურეობრივ ფოსტაზე hr@boulevard.ge შეტყობინების გამოგზავნა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:ა) თუ თანამშრომელი დაგვიანებით გამოცხადდება სამსახურში; ბ) თუ თანამშრომელი სამუშაო დროის დასრულებამდე დატოვებს სამუშაო ადგილს;
თანამშრომელი, რომელიც ვერ აფიქსირებს სამსახურში გამოცხადებას ან სამსახურიდან გასვლას, ელექტრონული აღრიცხვის ბარათის დაზიანების/ დაკარგვის/ან სხვა მიზეზის გამო, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, იმავე სამუშაო დღეს აცნობოს უშუალო უფროსს;
დაუშვებელია სხვისი კუთვნილი ელექტრონული აღრიცხვის ბარათის ან არსებობის შემთხვევაში სხვა დაშვების საშვის გამოყენება სამსახურში გამოცხადება/წასვლის დაფიქსირების მიზნით, აღნიშნული ფაქტი შეიძლება გახდეს ორივე პირის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი;
თანამშრომელთა სწრებადობას მონიტორინგს უწევს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში და დირექტორის კურატორი მოადგილე.
მუხლი 11. დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ბულვარში ყოფნის პირობები და წესი
თანამშრომელთათვის მუშაობა სადღესასწაულო, დასვენების დღეებში, ასევე სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ნებაყოფლობითია;
სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, ასევე, სამუშაო დროის დასრულების შემდეგ თანამშრომელთა სამსახურში ყოფნა ხდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის წერილობითი ან ზეპირი დავალებით;
გადაწყვეტილებას აღნიშნულ დღეებში შრომის ანაზღაურების თაობაზე იღებს ბულვარის დირექტორი, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
მუხლი 12. სამსახურში გამოუცხადებლობა და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
სამსახურში დაგვიანება, გამოუცხადებლობა ან/და სამუშაო საათების გაცდენა შესაძლებელია ჩაითვალოს საპატიოდ ან არასაპატიოდ წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი წესით;
თანამშრომლის არასაპატიო მიზეზით უშუალო ხელმძღვანელის გაუფრთხილებლად სამსახურში გამოუცხადებლობა, დაგვიანება, სამუშაო საათების გაცდენა ჩაითვლება არასაპატიოდ და მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსს და პირველი კატეგორიის უფროსს სპეციალისტს - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, ელექტრონული ფოსტის - hr@boulevard.ge ან/და მობილური ტელეფონის საშუალებით აცნობოს სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის შესახებ სათანადო მიზეზის აღნიშვნით, რაც ასევე აღინიშნება ტაბელში. სტრუქტურული ერთეულის უფროსი და ბულვარის დირექტორი ეთანხმება ან არ ეთანხმება წარდგენილ განცხადებას;
სამსახურში არყოფნის მიზეზი თუ გაუმართლებელია და აქვს განმეორებითი ხასიათი, ან/და თანამშრომლის მხრიდან ადგილი აქვს სისტემურ დაგვიანებას, მაშინ მის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 13. სამსახურში არმყოფი თანამშრომლის მოვალეობათა შესრულება
როდესაც თანამშრომლის დროებით არყოფნა სამსახურში გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, ბულვარის დირექტორს შეუძლია დააკისროს არმყოფი თანამშრომლის მოვალეობები სხვა თანამშრომელს თავისი სამსახურებრივი მოვალეობებისგან გათავისუფლების გარეშე;
იმ შემთხვევაში, თუ არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება მოითხოვს კალენდარული წლის განმავლობაში 1 (ერთი) თვეზე მეტ ვადას, საჭიროა იმ თანამშრომლის თანხმობა, რომელმაც უნდა შეასრულოს არმყოფი თანამშრომლის მოვალეობა;
პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს ან თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
მუხლი 14. ანაზღაურებადი შვებულების, დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების სარგებლობის, ანაზღაურებადი შვებულების გადატანის და მათი გამოყენების წესი
ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ბულვარის თანამშრომელს შეუძლია წლის ნებისმიერ დროს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ბულვარის დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს თანამშრომლისთვის წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების რიგითობა (საშვებულებო გრაფიკი);
თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღის ოდენობით. ასევე, გამონაკლის შემთხვევებში, დამატებითი ანაზღაურებადი შვებულებით თანამშრომლის დაქორწინების, ბავშვის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო;
თანამშრომელი უფლებამოსილია ანაზღაურებადი შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ. შვებულების მოთხოვნის უფლება თანამშრომელს წარმოეშობა მუშაობის 11 (თერთმეტი) თვის შემდეგ, ბულვარის დირექტორს უფლება აქვს შვებულება მისცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. ხოლო ბულვარის თანამშრომელს მუშაობის მეორე წლიდან, ბულვარის დირექტორთან შეთანხმებით, ანაზღაურებადი შვებულება შეიძლება მიეცეს წლის ნებისმიერ დროს;
ბულვარი შესაძლებლობას აძლევს თანამშრომელს საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით ოჯახური მდგომარეობის გამო. ოჯახურ მდგომარეობად ითვლება: ბულვარი შესაძლებლობას აძლევს თანამშრომელს საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით ოჯახური მდგომარეობის გამო. ოჯახურ მდგომარეობად ითვლება:
ა) საქორწინო შვებულება - 5 (ხუთი) სამუშაო დღე;
ბ)ბავშვის შეძენა მამაკაცებისთვის სამი სამუშაო დღე
გ) ოჯახის წევრის გარდაცვალება - 5 (ხუთი) სამუშაო დღე (ოჯახის წევრად მიიჩნევა; მეუღლე, მშობელი, აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავები, და/ძმა, და/ძმის მეუღლე, დისშვილი, ძმისშვილი) თუ ეს დრო საკმარისად არ მიიჩნევა გამოყენებულ იქნება შვებულება ანაზღაურების გარეშე;
კვირის განმავლობაში 40 (ორმოცი) საათზე მეტი დროით მუშაობის შემთხვევაში, თანამშრომელს ზეგანაკვეთური სამუშაოს სანაცვლოდ შესაძლოა მიეცეს დამატებითი დასვენების დრო ან/და სახელფასო დანამატი ბულვარის დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით;
შვებულების უფლების მოთხოვნის თაობაზე თანამშრომელი განცხადებით მიმართავს ბულვარის დირექტორს, რომელიც შეთანხმებულია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან. სტრუქტურული ერთეულის უფროსი უფლებამოსილია უარი განაცხადოს თანხმობის გაცემაზე, თუ აღნიშნულ პერიოდში სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის თანამშრომლის მიერ შვებულებით სარგებლობა;
ბათუმის ბულვარში თანამშრომელს უფლება არა აქვს მოითხოვოს წლიური ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის, თუ თანამშრომლისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, თანამშრომლის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის;
აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 (ორი) წლის განმავლობაში.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბულვარის დირექტორს შეუძლია მოითხოვოს დასაქმებული პირის თანხმობით (გარდა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში მყოფი პირის) ანაზღაურებადი შვებულების შეწყვეტა, ასეთ შემთხვევაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს ბათუმის ბულვარის დირექტორთან შეთანხმებით, გამოიყენოს შვებულების დარჩენილი დღეები წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს ან გადაიტანოს მომდევნო წლისთვის; განცხადება შვებულების უფლების მოთხოვნის თაობაზე ბულვარის დირექტორს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღით ადრე.
შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება, თანამშრომლის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე ბულვარის ადმინისტრაციის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო;
შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში არ ითვლება ბულვარის თანამშრომლის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის ან 7 (შვიდი) სამუშაო დღეზე მეტი ხნით ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დრო;
ბულვარის თანამშრომელთა შვებულების თაობაზე ბრძანებას ხელს აწერს ბულვარის დირექტორი.
მუხლი 15. ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის წესი
თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით სულ მცირე წელიწადში 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ოდენობით და არა უმეტეს 10 (ათი) თვისა;
ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობისას, თანამშრომელი ვალდებულია განცხადება დაწეროს 2 (ორი) კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული ვადის დაცვა შეუძლებელია სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
მუხლი 16. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
ბათუმის ბულვარში თანამშრომელს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო - 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღის ოდენობით;
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ბულვარის თანამშრომელს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე;
ათუმის ბულვარის თანამშრომელს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე;
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომელიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია;
ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას ბათუმის ბულვარის თანამშრომელი ვალდებულია, 2 (ორი) კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების 10დღით ადრე აღების შესახებ. ბათუმის ბულვარის თანამშრომელი ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებად ნაწილს იყენებს თანმიმდევრობით, შესაბამისად, 183 (ასოთხმოცდასამი) ან 200 (ორასი) კალენდარული დღის განმავლობაში;
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ბათუმის ბულვარის წინამდებარე შრომის შინაგანაწესით;
ბათუმის ბულვარის თანამშრომელს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დახმარებასთან ერთად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ეძლევა კომპენსაცია, ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში, მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.
მუხლი 17. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო
ბათუმის ბულვარის თანამშრომელს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო – ბავშვის დაბადებიდან 550 (ხუთასორმოცდაათი) კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე;
ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით;
მუხლი 18. მივლინება და ანაზღაურების წესი
ბულვარის თანამშრომელთა მივლინების უფლება აქვს ბულვარის დირექტორს დადგენილი წესით. მივლინებაში გამგზავრების საფუძველს წარმოადგენს ბულვარის დირექტორის სახელზე დაწერილი მოხსენებითი ბარათი, სადაც დაფიქსირებულია მისავლინებელ პირთა ვინაობა, სამსახურეობრივი მივლინების მიზნობრიობა, მივლინების ადგილი და ხანგრძლივობა, გადაადგილებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალება (ავტომანქანის მარკა, სერია და ნომერი). თანამშრომლის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი მივლინების მოთხოვნის შესახებ, დადასტურებული უნდა იქნას ამ თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის მიერ;
მივლინების შესახებ ხელმოწერილი ბრძანება ეგზავნება ბულვარის სტრუქტურულ ერთეულებს;
მივლინების გაუქმების, გადატანის, გაგრძელების ან რაიმე სახის ცვლილებებისას, ბულვარის თანამშრომლის მიერ მზადდება მოხსენებითი ბარათი, რომლის უშუალო ხელმძღვანელის დადასტურების საფუძველზეც ფორმდება შესაბამისი ბრძანება მივლინების გაუქმების ან ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ;
ბულვარის ადმინისტრაცია საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში უზრუნველყოფს თანამშრომელს ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაციით და ახდენს ბილეთების დაჯავშნას/შეძენას;
მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, თანამშრომელი ვალდებულია ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მივლინების დამადასტურებელი ყველა ფინანსური დოკუმენტი;
თანამშრომლის, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ მივლინების სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით, სამივლინებო ხარჯებში იანგარიშება მგზავრობისა და ბინის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები;
სამივლინებო თანხა დასაქმებულ პირს შეიძლება მიეცეს ავანსის სახით;
საჭირობის შემთხვევაში, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში ბულვარის თანამშრომელი წარმოადგენს მივლინების ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მივლინების შედეგები;
ბულვარის თანამშრომელთა მივლინების თაობაზე ბრძანებას ხელს აწერს ბულვარის დირექტორი.
მუხლი 19. თანამშრომელთა სარგებელი
თანამშრომელზე შრომის ანაზღაურება (ხელფასი) გაიცემა თვეში ერთხელ უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარში, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის წესით. საანგარიშო თვის ბოლო რიცხვებში ან/და თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
შრომის ანაზღაურება (ხელფასი) წარმოადგენს თანამდებობრივი სარგოს, აგრეთვე, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს;
თანამდებობრივი სარგო თითოეული თანამდებობისთვის/პოზიციისთვის დამტკიცებულია საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით;
საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისთვის, ეძლევათ სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზეგანაკვეთური სამუშაოა სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს, ეს არ ეხება სპეციფიკურ სამუშაო რეჟიმში მომუშავე პირებს. ღამის საათებში მუშაობად ჩაითვლება სამუშაოს შესრულება 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობად მიიჩნევა საქართველოს შრომის კოდექსით, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებით დადგენილ დასვენების/უქმე დღეებში მუშაობა;
ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ თანამშრომელმა დავალება უნდა მიიღოს ხელმძღვანელი პირისგან წერილობით. წერილობით გაცემულ დავალებას უთანაბრდება ელექტრონული ფოსტის ან/და მობილური ტელეფონის საშუალებით გაცემული დავალებაც. ამასთანავე, ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალების დადასტურება/აღიარება ხდება ხელმძღვანელის მიერ „ზეგანაკვეთური სამუშაოს ტაბელი“-ს ხელმოწერით. შევსებული ფორმა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამის საშუალებით წარედგინება კურატორ დირექტორის მოადგილეს ან/და დირექტორს, შესაბამისი დასაბუთებით. ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეებში მუშაობისთვის სახელფასო დანამატი გაიცემა მხოლოდ ბულვარის დირექტორის თანხმობით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობისთვის და სხვა ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროისთვის, თანამშრომელზე გაიცემა სახელფასო დანამატი ყოველი ფაქტობრივად ნამუშევარი საათისთვის თანამდებობრივი სარგოს (სარგო საათობრივი გაანგარიშებით) 25%-ის ოდენობით კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის (თანამშრომლის მიერ დროებით არმყოფი პირის ფუნქციების შესრულება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე) სახელფასო დანამატი გაიცემა ბათუმის ბულვარის დირექტორის ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით;
თანამშრომელს შეფასების შედეგების შესაბამისად, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, მუშაობაში მოპოვებული წარმატებისთვის, წახალისების მიზნით შეიძლება გადაეცეთ ფულადი ჯილდო ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობით და ბულვარის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
მუხლი 20. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან
ბულვარის დირექტორს უფლება აქვს, ბულვარის თანამშროლებს შრომის ანაზღაურებიდან ან მასზე გასაცემი სხვა თანხიდან დაქვითოს მასზე ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის აქვს გადახდილი/გადასახდელი;
შრომის ანაზღაურებიდან იქვითება ბულვარის თანამშრომლის მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ოდენობით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის გადასახადები;
შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 (ორმოცდაათი) პროცენტს.
მუხლი 21. ანაზღაურება დროებითი შრომისუუნარობის გამო (საავადმყოფო ფურცლით სარგებლობა)
ბათუმის ბულვარის თანამშრომელი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდება სამსახურში ვალდებულია დადგეს სამედიცინო (ამბულატორიულ) აღრიცხვაზე და ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელს (სტრუქტურული ერთეულის უფროსი);
იმ შემთხვევაში, როცა საავადმყოფო ფურცლით სარგებლობს ბათუმის ბულვარის თანამშრომელი, მათ შორის სტრუქტურული ერთეულის უფროსი/დირექტორის მოადგილე, მოხსენებითი ბარათი უნდა დაიწეროს ბულვარის დირექტორის სახელზე, სადაც საჭიროებიდან გამომდინარე განისაზღვრება პირი რომელიც შეასრულებს საავადმყოფო ფურცელზე მყოფი თანამშრომლის მოვალეობას;
საავადმყოფო ფურცლის დახურვის შემდეგ, სამსახურში გამოცხადებისას, თანამშრომელი წარმოადგენს ბულვარის დირექტორის სახელზე დაწერილ განცხადებას და საავადმყოფო ფურცელს;
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაცდენილი საათების ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბულვარის დირექტორი;
ბულვარის თანამშრომელს ბიულეტენი აუნაზღაურდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით სრულად, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი გაანგარიშების პროპორციულად;
მუხლი 22. შეზღუდვები
თანამშრომელს ეკრძალება:
ბულვარის საქმიანობის შედეგად მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურება. ეს აკრძალვა ეხება როგორც მუშაობის, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდს;
სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება, ან ალკოჰოლური სასმელების მიღება სამუშაო დღის განმავლობაში;
თამბაქოს მოწევა ბულვარის ადმინისტრაციულ შენობაში. ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს სპეციალური აღნიშვნები და ინფორმაცია თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით;
თამბაქოს მოწევის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მისი ოდენობა, სამართალდარღვევის განხილვა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს შესაბამისად.
მუხლი 23. ურთიერთობა მასმედიასთან/მედიასთან
მასმედიასთან ბულვარის ურთიერთობას კოორდინაციას უწევს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ჟურნალისტებს აწვდის ინფორმაციას ბულვარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აწყობს მიმდინარე პროექტების პრეზენტაციებს, პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებს. ამზადებს პრესრელიზებს, საინფორმაციო ფურცლებსა და სხვა ბეჭდურ მასალას. ეხმარება ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვებაში, მისი სიზუსტისა და სანდოობის განსაზღვრაში. ბულვარის PR აქტივობები, ძირითადად, წინასწარ არის დაგეგმილი. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალისტები პირადად დაუკავშირდნენ ბულვარის თანამშრომლებს, იმისათვის, რომ ბულვარის სახელით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ან კომენტარი იყოს ზუსტი, გადამოწმებული და ბულვარის ერთიანი პოზიციის გამომხატველი, საკითხი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ბულვარის დირექტორთან, კურატორ მოადგილესთან ან მათი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან. ამდენად, ბულვარის ნებისმიერმა თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს მედიასთან ბულვარის სახელით პირდაპირი კომუნიკაციისაგან. შეთანხმება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჟურნალისტი მოითხოვს მხოლოდ ბულვარის ოფისის ფოტო ან ვიდეო გადაღებას.
მუხლი 24. თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობა
ბულვარის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას და მოუაროს ბულვარის ქონებას (ავეჯი, ინვენტარი, საკანცელარიო ნივთები, ტექნიკა და სხვა);
ბულვარის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ყველა ნივთი ექვემდებარება აღრიცხვას და საამისოდ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოყოფას;
თანამშრომლები პასუხს აგებენ ინვენტარისა და ტექნიკის ბრალეული ქმედებით გამოწვეულ დაზიანებაზე, რისთვისაც ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ბულვარისთვის მიყენებული ზიანი;
ბულვარის სტრუქტურული ერთეულის უფროსი ვალდებულია:
ა) კონტროლი განახორციელოს იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც მის დაქვემდებარებაშია;
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს მის დაქვემდებარებაში არსებული ქონების ნებისმიერი დაზიანების, განადგურების, დაკარგვის თაობაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარუდგინოს განმარტებითი ბარათი;
გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა თანამშრომელს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანხმობის გარეშე;
დ) ბულვარის შენობიდან (მათ შორის საწყობიდან, ტერიტორიიდან) ქონების გატანა გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია მხოლოდ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანხმობით. აღნიშნულის თაობაზე დგება წერილობითი აქტი.
მუხლი 25. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
თანამშრომელი ვალდებულია, როგორც შრომითი ურთიერთობისას, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ არ გაავრცელოს ან პირადი მიზნებისათვის არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;
კონფიდენციალურ ინფორმაციად მიიჩნევა: კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც თანამშრომლისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
მუხლი 26. გარეგნული მხარე და ჩაცმის წესი
თანამშრომელი ვალდებულია იზრუნოს შესაფერისი საქმიანი ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე;
ბულვარის თანამშრომელს სამსახურში მოეთხოვება საქმიანი, კლასიკური სტილის ჩაცმულობა.
ბულვარის თანამშრომელი ვალდებულია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოიყენოს ბულვარის ადმინისტრაციის მიერ მისთვის შეძენილი სამუშაო ფორმა (ტანსაცმელი), წინამდებარე ნორმის დაუცველობა შეიძლება გახდეს დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი;
მუხლი 27. თანამშრომლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად ბულვარი ხელს უწყობს სასწავლო პროგრამებს და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.
ბულვარის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უზრუნველყოფს, სასწავლო საჭიროებების გამოვლენას, რის შედეგადაც დგება ტრენინგ გეგმა;
პროფესიული განვითარების დაფინანსების მიზანშეწონილობას წყვეტს ბულვარის დირექტორი თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე;
ბულვარის დირექტორი გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ იღებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით;
ბულვარმა შესაძლოა ხარჯი გაიღოს სრულად, ნაწილობრივ ან თანადაფინანსებით;
თანამშრომელს შესაძლოა უარი ეთქვას დაფინანსებაზე;
გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამშრომელი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯით აიმაღლოს კვალიფიკაცია.
მუხლი 28. თანამშრომელთა წახალისების საფუძვლები
თანამშრომლის წახალისება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის, მუშაობაში მოპოვებული წარმატებისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის;
წახალისების ფორმებია:
ა) მადლობის გამოცხადება და/ან სპეციალური სიგელით დაჯილდოება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნა.
შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.
წახალისება ხდება უშუალო უფროსის ან ზემდგომი ხელმძღვანელის წარდგინებით;
წარდგინებას უნდა ერთოდეს შესაბამისი დასაბუთება, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს თანამშრომლის შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაცია;
წახალისების შესახებ წარდგინება გადაეგზავნება ადმინისტრაციულ სამსახურს, რომელიც მასალებს ამზადებს 2 (ორი) კვირის ვადაში;
წახალისების უფლება აქვს ბულვარის დირექტორს;
წახალისების თაობაზე ბულვარის დირექტორის ბრძანება შეიტანება თანამშრომლის პირად საქმეში.
მუხლი 29. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძვლები
დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძვლებია:
ა.თანამშრომლის საქმიანობის სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობის, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან სხვა სამართლებრივი აქტების, აგრეთვე შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა;
ბ. სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა, არაჯეროვნად შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება;
გ. სამსახურის რეგულარული გაცდენა ან სამუშაოს შესრულებისათვის თავის არიდება;
დ. ბულვარისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
ე. ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბულვარის ნორმალურ ფუნქციონირებას ან რეპუტაციას;
ვ. ქმედება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომელთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ზ. ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან თანამშრომლის და ბულვარის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;
თ. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;
ი. სამუშაო საათებში ალკოჰოლის მოხმარება ან სამსახურში გამოცხადება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ;
კ. ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან თანამშრომლის სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს ბათუმის ბულვარის ავტორიტეტს;
ლ. ბულვარის დირექტორის დავალება, კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით;
დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ ბრძანებას ამზადებს ბულვარის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში და უზრუნველყოფს მის გაცნობას სახდელშეფარდებული პირისათვის.
მუხლი 30. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები (სახდელები)
თანამშრომლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმისა და ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას (ბრძანებით) დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები (სახდელები):
ა. გაფრთხილება;
ბ. საყვედური;
გ. სასტიკი საყვედური;
დ. თანამდებობრივი სარგოს დაკავება 10 პროცენტიდან - 50 პროცენტამდე 1-დან 6- თვემდე ვადით;
ე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა;
ვ. თანამდებობრივი დაქვეითება;
ზ. სამსახურიდან გათავისუფლება.
დისციპლინური გადაცდომის ერთი შემთხვევისათვის შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება.
დაუშვებელია ბულვარის ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სამუშაო დროისაგან თავისუფალ დროს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბულვარს აქვს დასაბუთებული ინტერესი;
თანამშრომლისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეტანილი იქნება მის პირად საქმეში.
მუხლი 31. დისციპლინური სახდელის შერჩევა
ბულვარის დირექტორი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის შერჩევისას, ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის სიმძიმეს, მიზანს, მოტივს, შედეგს, რომელიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ასევე დისციპლინური გადაცდომის ჩამდენის პიროვნებას, მის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.
მუხლი 32. დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა
დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური პასუხისმგებლობის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე, ადრე შეფარდებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობის ზომაზე უფრო მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველია.
მუხლი 33. დისციპლინური წარმოების დაწყება
დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა. უშუალო უფროსის ან/და კურატორი დირექტორის მოადგილის მოხსენებითი ბარათი;
ბ. ოფიციალურად მიღებული სხვა დოკუმენტი, საჩივარი ან ცნობა - გარდა ანონიმურისა, რომელიც ქმნის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს;
გ. სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები;
დ. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 34. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სუბიექტი/ორგანო, დისციპლინური წარმოება
დისციპლინურ გადაცდომის განხილვაზე შეიძლება ერთპიროვნულად გადაწყვეტილება მიიღოს ბათუმის ბულვარის დირექტორმა;
ბათუმის ბულვარში დისციპლინურ გადაცდომის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოდ შეიძლება განისაზღვროს ბულვარის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი დისციპლინური კომისია;
ბათუმის ბულვარის ყველა თანამშრომელი (დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი) ვალდებულია ითანამშრომლოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ სუბიექტთან/ორგანოსთან დისციპლინური საქმისწარმოების მიმდინარეობისას;
დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სუბიექტი/ორგანო უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება, განცხადების (საჩივრის) ავტორს ან ნებისმიერ პირს, რომელსაც შეიძლება შეხება ჰქონდეს გამოსარკვევ საკითხთან. დისციპლინური წარმოებისას ახსნა-განმარტების წერილობით ჩამორთმევა პირისთვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ პირის გამოცხადება / გამოკითხვა / და ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად მტკიცდება მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სუბიექტი/ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს და შეისწავლოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, შეამოწმოს საქმის მასალები.
მუხლი 35. გასაჩივრება
თანამშრომელს, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური სახდელი, უფლება აქვს გაასაჩივროს ბულვარის დირექტორის ბრძანება დისციპლინურ სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანების გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 36. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდი
თანამშრომლის მიმართ, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი, სახდელის მოქმედების პერიოდში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების ფორმა, გარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნისა;
თანამშრომლის მიმართ გაფრთხილების სახით დაკისრებული დისციპლინური სახდელი მოქმედებს სახდელის დადების დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში;
თანამშრომლის მიმართ საყვედურის სახით დაკისრებული დისციპლინური სახდელი მოქმედებს სახდელის დადების დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;
თანამშრომლის მიმართ სასტიკი საყვედურის სახით დაკისრებული დისციპლინური სახდელი მოქმედებს სახდელის დადების დღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
თუ პირს დისციპლინარული სახდელის მოქმედების პერიოდში არ დაეკისრა სხვა დისციპლინური სახდელი, შეფარდებული დისციპლინური სახდელი ჩაეთვლება გაქარწყლებულად;
ახალი დისციპლინური სახდელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღება გაქარწყლებული ან ვადაზე ადრე მოხსნილი დისციპლინური სახდელი;
დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან მის ვადაზე ადრე მოხსნამდე, პირი არ სარგებლობს თანამდებობრივი დაწინაურების უფლებით.
მუხლი 37. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის წესი
დისციპლინური სახდელი შეიძლება მოხსნილი იქნეს ვადაზე ადრე, თუ: თანამშრომელმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა;
დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია თანამშრომლის უშუალო უფროსს, არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინება ბულვარის დირექტორს), დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა ფორმდება ბულვარის დირექტორის ბრძანებით;
დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება თანამშრომლის პირად საქმეში;
თუ თანამშრომელს დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, ვადის გასვლის შემდეგ იგი ითვლება დისციპლინურ პასუხისმგებლობის არმქონედ.
მუხლი 38. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი
თანამშრომელი, შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობისას წარმოშობილი საკითხების შესახებ დასაბუთებული განცხადებით/საჩივრით მიმართავს ბათუმის ბულვარის დირექტორს;
თანამშრომლის განცხადებას/საჩივარს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და გადაწყვეტილების პროექტს (უარის შემთხვევაში - დასაბუთებულს) წარუდგენს ბათუმის ბულვარის დირექტორს;
თანამშრომლის განცხადების/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ბულვარის დირექტორი, გადაწყვეტილების პროექტის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
თუ ბათუმის ბულვარის თანამშრომელი არ ეთანხმება ბულვარის დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ან/და ბულვარის დირექტორმა არ განიხილა განცხადება/საჩივარი, თანამშრომელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით;
განცხადების/საჩივრის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.
მუხლი 39. შრომის პირობების დაცვა
როგორც სსიპ ბათუმის ბულვარი ასევე თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას შრომის ის პირობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 40. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
ბათუმის ბულვარის თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით და პირობებით.
მუხლი 41. სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა ვალდებულებანი და მათ მიმართ გასატარებელი ღონისძიებები
სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ვალდებულია გადასცეს მასზედ მინდობილი ქონება და მატერიალური ფასეულობანი ამ მიზნით დანიშნულ პირებს;
თანამშრომელი ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამსახურს წარუდგინოს დროებით სარგებლობაში არსებული და ბულვარის კუთვნილი მატერიალური და ტექნიკური აქტივების დაბრუნების დამადასტურებელი შემოვლის ფურცელი უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით, რომელიც ინახება გათავისუფლებული თანამშრომლის პირად საქმეში. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ თანამშრომელთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება. გათავისუფლებულ პირს, მასზე რიცხული ინვენტარის დანაკლისის შემთხვევაში, შეუჩერდება საბოლოო ანგარიშსწორება დანაკლისის წარმოდგენამდე. თანამშრომელთან საბოლოო ანგარიშსწორება ხდება შემოვლის ფურცლის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა;
სამსახურიდან გათავისუფლების, აგრეთვე ხანგრძლივი მივლინება, შვებულების შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის უფროსი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს მასზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობების, მიმდინარე ამოცანებისა და დავალებების გადაბარება;
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში სამსახურში პირის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას აწვდის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, მათ შორის IT სპეციალისტს;
სამსახურიდან გათავისუფლებული პირის სამსახურებრივ ელ-ფოსტაზე წვდომა ექნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს.
მუხლი 42. დასკვნითი დებულებები
შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, ბულვარის თანამშრომელს პასუხისმგებლობა დაეკისრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბულვარის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია ნებისმიერ დროს უზრუნველყოს აღნიშნული შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა;
ბულვარის არცერთი თანამშრომელი არ სარგებლობს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიით (იგულისხმება შვებულების ხანგრძლივობა, დადგენილი ქცევის წესებისა და სხვა ნორმების დაცვა);
თანამშრომელი ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. ხელმოწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის თანამშრომლის პირად საქმეს;
შინაგანაწესი და მასში შეტანილი ცვლილება ეგზავნება ბულვარის ყველა თანამშრომელს;
შინაგანაწესში ნებისმიერი სახის ცვლილება ან/და დამატება შეიძლება განხორციელდეს ბათუმის ბულვარის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.