ბულვარის ისტორია

ისტორიული რაკურსი

1881 წლიდან იწყება ზღვისპირა პარკის ისტორია, როდესაც ქალაქის პოლიცმეისტერმა ვოზნესენსკიმ კრიტიკულად შეაფასა ზღვისპირა სეირნობისთვის შესაფერისი ადგილის არარსებობა ბათუმში და სუბტროპიკული კლიმატის გათვალისწინებით, გაუჩნდა ბულვარის გაშენების იდეა. დასაწყისისთვის ქალაქის მმართველობიდან გამოთხოვილი იქნა 2000 რუბლი, თუმცა, დაგეგმილი სამუშაოების დაწყება გაჭიანურდა და მხოლოდ 1884 წლის მიწურულს გახდა შესაძლებელი ბულვარის გაშენების დაწყება, სამუშაოები პრუსიელი მებაღე ა. რესლერისა და რეიერის გეგმით დაიწყო. ალექსანდრ რესლერი ბათუმში ფოთიდან იქნა მოწვეული, სადაც ქალაქის გამწვანებისთვის სერიოზული სამუშაოები ჰქონდა ჩატარებული. მან 1884 წლის ზაფხულიდან ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ ბულვარის გაშენებას მოკიდა ხელი. 1884 წელს რესლერის გარდაცვალების შემდგომ, წარმატებით დაწყებული საქმე გადაიბარა ფრანგმა დიდგვაროვანმა, ცნობილმა მებაღემ მიშელ დალფონსმა. ბულვარის დაგეგმარებაში მისი წვლილი იმდენად დიდია, რომ ისტორიულ წყაროებში, დალფონსი, „ბათუმის სანაპიროს კეთილ გენიადაა“ მოხსენიებული. მას ბულვარი უხვად გაუმდიდრებია ჩაქვში მდებარე საკუთარი ბაღიდან გადმოტანილი ძვირფასი და იშვიათი ჯიშის მცენარეებით. ბულვარის განვითარების შემდგომი ეტაპი უკავშირდება მებაღე–დეკორატორ იასონ გორდეზიანს, რომელმაც ვერსალის სასოფლო–სამურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში მიღებული ცოდნის გამოყენებით, გადაახალისა მცენარეული საფარი, გააფართოვა ძველი და შექმნა ახალი სანერგეები. 1889 წელს ბულვარის განაშენიანების პროექტის ფარგლებში, აქ ოცამდე მაგნოლიის ხე დაირგო. ბათუმის ბულვარის ისტორია სამსაუკუნოვან, უწყვეტ ციკლს მოიცავს, რომლის ყველა ეტაპზეც, ეს ულამაზესი ზღვისპირა პარკი მდიდრდებოდა და იძენდა საკრალურ მნიშვნელობას. დღეს ის ჩვენი ქალაქის ყველაზე ვიზიტირებადი და სახასიათო ღირსშესანიშნაობაა.

 

ბათუმის  ბულვარის  განვითარების  ეტაპები

ბათუმის ბულვარმა განვითარების მრავალი ეტაპი განვლო, თუმცა დაფუძნებიდან დღემდე იკვეთება ბულვარის ევოლუციის სამი ძირითადი ეტაპი, რომელთა განმავლობაში ხდებოდა მისი ფორმირება:

ბათუმის ბულვარის დაფუძნება და განვითარება საწყის ეტაპზე (1884‐1921)

ბათუმის ბულვარი საბჭოთა პერიოდში (1921‐1990)

ბათუმის ბულვარი პოსტსაბჭოთა პერიოდში (1990‐2014)

თანამედროვე ბულვარი (2014-დან  დღემდე)

პოლიტიკური ვითარების ცვლილება პირველ რიგში აისახებოდა მის სახელწოდებაზე. თავდაპირველად ბულვარი რუსეთის იმპერატორის ტახტის მემკვიდრის პატივსაცემად ნიკოლოზ II-ის, შემდგომ, საბჭოთა პერიოდში ა. საჯაიას, ხოლო 1950‐იან წლებში  ი. სტალინის სახელობის იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბულვარი მშვენიერ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. მას პატარა „ნიცა“-საც უწოდებდნენ. ბულვარში თავიდანვე არსებობდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, როგორიცაა „ბურუნ‐თაბიე“-ს ციხე‐სიმაგრე და „შუქურა“ რომელიც, 1882 წელს ფრანგი ინჟინრების მიერ შეიქმნა და დღემდეა შენარჩუნებული. სტრატეგიული მნიშვნელობის ნაგებობა სანავიგაციო ფუნქციას ასრულებდა.  ბულვარი დაარსების დღიდან ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ ადგილად იქცა. მას არამარტო სასეირნო დანიშნულება ჰქონდა, არამედ ის სხვადასხავა ინტერესის მქონე ადამიანებს სთავაზობდა დასვენებისა და გართობის მრავალფეროვან არჩევანს. 1884‐1921წწ. ბულვარში განთავსებული იყო რეკრეაციული, სპორტული, გასართობი და შემეცნებითი ობიექტები, მათ შორის:ბოიაჯიანის ზღვის სამკურნალო აბაზანები, ჰიდროთერაპიული დაწესებულება, საზოგადოებრივი საკრებულოს მრავალფუნქციური შენობა, სამკითხველო, კინოთეატრი, ცნობათა ბიურო. ბულვარის ნაწილი აქტიური დასვენებისათვის იყო განკუთვნილი, რასაც ემსახურებოდა ღია სპორტული მოედნები: კროკეტის, ჩოგბურთის, კეგლის, ტანვარჯიშის, ასევე სკეიტინგ‐რინგი, საციგურაო მოედანი, იპოდრომი, ველოტრეკი და ა.შ. 

1930‐1950‐იან წლებში ხდება ბულვარის გაფართოება, გეგმარება ინარჩუნებს ძირითად მახასიათებელს პარალელური გრძივი ხეივნების და მათი გადამკვეთი განივი, ქალაქის ქუჩების ხაზზე არსებული სასეირნო ბილიკების ქსელს. საკმაოდ დიდი ცვლილებებია ბულვარის დენდროლოგიაში. ეს პროცესი მებაღეს იასონ გორდეზიანს (1876‐1960 წწ.) უკავშირდება. 1933 წელს ი. გორდეზიანის ინიციატივითა და მეთაურობით განხორციელდა ბულვარის ნარგავების მთლიანი განახლება. როგორც ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული ბულვარის მთელ ტერიტორიაზე არავითარი ნიადაგი არ არსებობდა. იგი დაფარული იყო თიხისა და ქვიშის სქელი ფენით, რაც მდინარე ჭოროხს ჩამოჰქონდა ზღვაში, ამიტომ ნარგავები ირგვებოდა 1‐2 მეტრის სიღრმი ორმოებში, რომლებშიც თიხა ხელოვნურად იცვლებოდა ნიადაგით. დაირგო წიწვოვანი და დეკორატიული ხეები, კიპარისები, ბუჩქოვანი მცენარეები. ზღვისპირა პარკის ნარგავების განახლებასთან ერთად ბულვარში ჩნდება ახალი არქიტექტურული აქცენტები: კოლონადები, ესტრადა, სტადიონი, საზოგადოებრივი კვების ობიექტები. ახალ ათასწლეულში შებიჯებისთანავე ბულვარის განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდა.

1930‐იან წლებში ბულვარის ცენტრალური შესასვლელი კოლონადით, ხოლო ტერიტორია დეკორატიული გალავნით იყო შემოსაზღვრული, რომელიც გაფორმდა ლარნაკებით, სკულპტურებით, თაღებით. 1934 წელს აიგო ბულვარის პირველი კოლონადა, რომელიც, დღემდე ავთენტური ფორმითაა შენარჩუნებული და ზღვის კარიბჭის როლს ასრულებდა. კოლონადების აგების იდეა ბათუმელ ცნობილ ექიმს, ივანე მჭედლიძეს ეკუთვნოდა. კოლონადები სანაპირო ზოლის უკან დახევამდე  სანაპიროზე ცენტრალურ გასასვლელს წარმოადგენდა. 1959 წლისთვის, ზღვის უკან დახევის შედეგად სანაპიროს გაყოლებით გათავისუფლებულ მოზრდილ ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდა გაზონებით გაყოფილი დამატებითი 6 მეტრიანი სასეირნო ზოლის მოწყობა. 1930‐1950 წწ. ცენტრალური შესასვლელის ხეივანი გაფორმდა ყვავილნარებით, წრიული შადრევნით. 1950‐1960‐იან წლებში თანდათან გაფართოვდა სასეირნო ზოლები.  1977 წელს ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დამონტჟდა ფერადი მუსიკალური შადრევნები. (არქიტექტორის გ. ერქომაიშვილი, ინჟინრები გ. აბრამიანი, ა. კაჟოიანი).  მოცეკვავე შადრევნების ხეივნის მარცხენა მხარეს გამოიყო ტერიტორია ბამბუკის ტყის გასაშენებლად. ამავე პერიოდში ბულვარში მოეწყო ხელოვნური ტბა ე.წ.  გედების ტბა და მის გარშემო კი ზოოკუთხე.  ბულვარი თავიდანვე ხასიათდებოდა ფუნქციური მრავალფეროვნებით, ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო აქტიური და პასიური დასვენების ზონები.  საბჭოთა პერიოდში ობიექტების მშენებლობისას არჩევანი კეთდებოდა კლასიცისტურ არქიტექტურაზე, რისი ნათელი მაგალითები იყო:კოლონადები, რესტორანი სალხინო და ა.შ. 1960‐იანი წლებიდან კი, მოდერნისტული არქიტექტურაზე.  1948 წელს ბულვარში აშენდა ულურსმნო ხის მსუბუქი კონსტრუქციის, 600 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრი. 1996 წელს დაიწვა და 2013 წელს განახლებული სახით დაუბრუნდა ქალაქს. 1975 წელს უნივერსიტეტის მახლობლად აიგო “კაფე ფანტაზია“ (რვაფეხა) - მოზაიკური პავილიონი, რომელთა ავტორები  მხატვარი ზურაბ კაპანაძე და არქიტექტორი გიორგი ჩახავა იყვნენ. „რვაფეხა“.