ბულვარი დღეს
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. მდებარეობიდან გამომდინარე ბულვარმა ზღვისპირა ქალაქის გამორჩეული სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა და ადგილობრივი საზოგადოებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის განსაკუთრებული მიზიდულობის მქონე ადგილად ჩამოყალიბდა, რომელთანაც ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური დამოკიდებულება და ემოციები აკავშირებდა, როგორც წარსულში, ასევე დღეს.
ტურიზმის მზარდი სტატისტიკით გამორჩეული საქართველო ყოველწლიურად 8 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს, შავი ზღვის მარგალიტად წოდებულ ბათუმს კი 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. დღესდღეობით, ბათუმის ზღვისპირა ბულვარი შავი ზღვის სანაპიროს დაახლოებით 7 კილომეტრიან ტერიტორიას მოიცავს. ქალაქის მთავარ ბაღში 45 ათასამდე ხე-მცენარეა, მათ შორის 10 ათასზე მეტი მარადმწვანე ჯიშის. ბაღის ტერიტორია 135 ჰექტარს მოიცავს. ბათუმის ბულვარის უნიკალობას მხოლოდ მისი ზღვის გასწვრივ განლაგება არ განაპირობებს, იგი ოთხ გამწვანებულ ხეივანს, ერთ ზღვისპირა სასეირნო ზოლს და ველო ბილიკს მოიცავს, სადაც ასწლოვანი ხეები, პალმები, ფიჭვნარი და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეებია წარმოდგენილი. გარდა სარეკრეაციო ზონისა, ბათუმის ბულვარი საპლაჟო ინფრასტრუქტურას, ღამის კლუბებს, გასართობ და სხვა ტურისტულ ობიექტებს მოიცავს.
2022 წელს, აჭარაში ბათუმის ბულვარი დასახელდა ყველაზე ვიზიტირებად ადგილად და რეგიონის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „მაგნოლია 2022“-ის მფლობელი გახდა. ბათუმის ბულვარი "World Travel Awards“-ის ჯილდოზე ნომინირებული იყო ევროპის ისეთ წამყვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობასთან ერთად, როგორებიცაა ეიფელის კოშკი, საგრადა ფამილია, კოლიზეუმი, ბუკინგემის სასახლე და აკროპოლისი.
მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბულვარი თავისი ადგილმდებარეობითა და ლანდშაფტით ერთ-ერთი უნიკალური ბაღი გახლავთ საქართველოში. მისი მთავარი ღირებულება არამხოლოდ ესთეტიკურ, კულტურულ-გამაჯანსაღებელ და ისტორიულ მნიშვნელობაშია, არამედ, ამჟამად არსებულ შესაძლებლობაში, იყოს ევროპული ტიპის ქალაქის სიმბოლო. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პოულობს თავის ადგილს.