ახალი სკეიტ პარკი ბათუმის ბულვარში
პროექტის აღწერა: ბათუმის ბულვარში საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკეიტ პარკი მოეწყობა. ახალი საერთაშორისო დონის სკეიტ და როლერ პარკი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკეიტბორდისთვის განკუთვნილი ელემენტების, ფამფტრეკების, დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, ადაპტირებული საპირფარეშოსა და განათების სისტემის მოწყობა.
უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა. მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა. გარდა ამისა, ხორციელდება მოედნის საფარისთვის გრუნტის მოწყობის სამუშაოები. ახალი პროექტი „ბათუმის ბულვარის განვითარებისა და განაშენიანების გეგმის“ მიხედვით და სკეიტის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. იგი, თავისი ფუნქციური დატვირთვით გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულთათვის და ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწევს პოპულარიზაციას. მულტიფუნქციური სპორტული სივრცე, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი და ახალგაზრდების ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება, რომელიც გახდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის ღონისძიებების ჩატარებისთვის საუკეთესო ადგილი.
აღნიშნულ პროექტს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აწარმოებს, რომლის ბიუჯეტი 3 165 138 ლარს შეადგენს.