სკეიტპარკის ფესტივალი
სსიპ ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს სკეიტპარკის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი მოიცავდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს (6 წლიდან 16 წლამდე) და მასში მონაწილე ბავშვები და მოზარდები სკეიტებით, სკუტერებითა და გორგოლაჭებით სხვადასხვა აქტივობას ასრულებდნენ: სრიალი, მანევრირება, დაბრკოლებებზე გადახტომა სხვადასხვა ილეთის შესრულებით.
სკეიტპარკის ფესტივალის ფარგლებში ბავშვებს სპეციალურად შემუშავებული შემეცნებით-გასართობი პროგრამა და საინტერესო სიურპრიზები შესთავაზეს. ღონისძიება ცეცხლოვანი შოუთი დასრულდა. მონაწილეებს მიესალმა სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ლაზიშვილი, რომელმაც ბავშვებს მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, მომავალში, აჭარის მთავრობის ინიციტივითა და მხარდაჭერით, ბათუმის ბულვარში ახალი სკეიტპარკი აშენდება. სკეიტპარკის ფესტივალის მონაწილეებში ბულვარის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერებული სიახლე განსაკუთრებული სიხარულითა და ოვაციებით იქნა მიღებული.
ბათუმის ბულვარში მდებარე სკეიტპარკი ბოლო პერიოდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში, რაც ზღვისპირა პარკში არსებულ სპორტულ -გამაჯანსაღებელ გარემოს დამატებით კოლორიტს სძენს. ბულვარის ორგანიზებით სკეიტპარკის ფესტივალი ბათუმში პირველად ჩატარდება. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი იყო კომპანია „თოლია“.
სკეიტპარკის აქტივობები მეოცე საუკუნის 80-იანის წლების ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოიშვა. როლერ სპორტის მოყვარულებმა გორგოლაჭებით ქროლვის სხვადასხვა დისციპლინა განავითარეს. სკეიტბორდერებთან ერთად, ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სკუტერებით ქროლვა.