ქაფურის ხეები
ევკალიპტებთან და მაგნოლიებთან ერთად მრავალწლოვანებით და ორიგინალური ფორმებით გამოირჩევა ქაფურის ხეები (cinnamomum camphora). ქაფურის ხეების ასაკს განშტოებების მიხედვით ადგენენ. რაც უფრო მეტი და მსხვილია ხის განშტოება, მით უფრო ძველი და დიდი ისტორიის მატარებელია იგი. ბათუმის ბულვარში 450-ზე მეტი ქაფურის ხეა, მათი დარგვა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. გამწვანებასთან ერთად ქაფურის ხეები საჩრდილობლის ფუნქციასაც წარმატებით ასრულებენ. მათი დიდი ნაწილი ზოოკუთხის მიმდებარე ხეივანში შეგხვდებათ, სადაც ყველაზე მეტად ეტლით მოსეირნე მშობლებს და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს შენიშნავთ. ქაფურის ხე - (cinnamomum camphora) მარადმწვანე, დაფნისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ხე-მცენარეა. დაფარულია საკმაოდ უხეში მერქნით. ის დაახლოებით 15- 35 მ იზრდება, შემოსილია გლუვი პრიალა ფოთლებით და აქვს მოყვითალო თეთრი პატარა ყავავილები. მისი ფორმის და ვიზუალის ცვლილება განპირობებულია ადგილზე სადაც იზრდება. ქაფურის ხის დაახლოებით 300 სახეობა არსებობს, მისი სამშობლო იაპონიის სამხრეთ კუნძულები და ტაივანია, სადაც ისინი დიდებულ ტყეებს ქმნიან. დღეისათვის, ქაფურის ხე კულტივირებულია ბევრ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანაში. ქაფურის ხე, საქართველოშე მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გავრცელდა, ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე. იგი მხოლოდ გარემოს როდი ალამაზებს, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ჩინურ წყაროებში გვხვდება მის სამშენებლო მასალებად გამოყენების ფაქტები, ხოლო VI საუკუნეში არაბეთში სამკურნალოდ გამოიყენეს. სიმაგრის და გამძლების გამო ქაფურის მერქანი გემთმშენობლაშიც გამოიყენებოდა. ხოლო მისი ნაყოფიდან დამზადებული ქაფური მოგეხსენებათ, ანტისეპტიკური ნივთიერებაა და ბევრი დანიშნულებით გვხვდება. მედიცინაში ფართოდ იყენებენ სხვადასხვა მიმართულებით მაგალითად, სიცხის დამწევად, სახსრების ტკივილის და ხველის დროს. ქაფურის ხის გამრავლება ხდება გენერაციულად, თესლით და ვეგეტატიურად.