27.10.2022

ბულვარის მაგნოლიები

სურნელოვანი და მარადმწვანე მაგნოლიების დარგვა ბულვარის პირველ ზოლში მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდიდან დაიწყო. ძველი ბათუმელები ამ ადგილს დღესაც მაგნოლიების ხეივანს უწოდებენ. ბულვარის ძირითადი განაშენიანება მაგნოლიის ხეებით გასული საუკუნის 30-იან წლებში მოხდა. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ძველი დაზიანებული მაგნოლიების ჩანაცვლება ყოველწლიურად ხდება. დღეს ბულვარის ტერიტორიაზე 600 ძირი მაგნოლია გრანდიფლორა (magnolia grandiflora)  და 51 ძირი მაგნოლია სულანჟას ( magnolia soulangeana) ხე დგას. მისი შიშველი ტოტები, ზამთრის მიწურულს,  იფარება ულამაზესი ვარდისფერი ყვავილებით და მნახველს გულგრილს არ ტოვებს თავისი სილამაზით.

მაგნოლია დიდყვავილა - (magnolia grandiflora) მარადმწვანე, მაგნოლიასებრთა ოჯახის (magnoliaceae), სურნელოვანი მოყვავილე ხე-მცენარეა. იგი დაახლოებით 30 მ. სიმაღლის იზრდება და ყვავილის ზომაც მეტად შთამბეჭდავი აქვს - დაახლოებით 20 სმ დიამეტრის. ფოთლებიც მოზრდილი, ტყავისებრი და პრიალა აქვს.

მაგნოლიის ათეულობით ჯიში არსებობს, რომელთა გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას. ჩვენს რეგიონში, ფართოდაა გავრცელებული მაგნოლია დიდყვავილა (magnolia grandiflora), რომლის წარმოშობაც ჩრდილოეთ ამერიკიდან მოდის და სწორედ ამ ჯიშს უწოდებენ მაგნოლიათა ოჯახის დედოფალს, მისი წარმოსადეგი შესახედაობიდან გამომდინარე. ის განსაკუთრებით ლამაზია ყვავილობის პერიოდში - ივნისიდან დაახლოებით 4 თვის მანძილზე. შუძლებელია მაგნოლიის ყვავილობა ადამიანს შეუმჩნეველი დარჩეს, იმდენად სურნელოვანია მისი ყვავილები. ყვავილები საღამოობით იხურება და დილით ისევ იშლება. მრავლდება თესლით და კალმით (სათბურებში). კარგად ხარობს ნოყიერ და ტენიან ნიადაგში.

მაგნოლია დიდყვავილა, ევროპაში ამერიკიდან გავრცელდა XVII- საუკუნის ბოლოდან, მეზღვაურთა მიერ.  ყოველ საზღვაო ექსპედიციას ამერიკის მიწებზე, ლუდოვიკო - XIV თან აყოლებდა ბოტანიკოსებს და მათ ევალებოდათ მოეძიათ ახალი სამკურნალო მცენარეები, რათა გაემდიდრებინათ სამკურნალო ბაღი, რომელიც გაშენებული იყო პარიზში.

სწორედ ასეთი ექსპედიციის დროს, ფრანგმა ბერმა და ბოტანიკოსმა - შარლ პრიუმემ, პირადად ჩამოიტანა მაგნოლიის რამოდენიმე ნერგი, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა ყვავილმა, რომ იმასაც ამბობენ, რომ იმ პერიოდისთვის, ბრილიანტის ქვაზე ძვირადაც კი ფასობდა მაგნოლიის ყავავილი. მებაღეები ერთმანეთსაც კი ჰპარავდნენ მოყვავილე მაგნოლიის ნერგებს. სახელწოდება - „მაგნოლია“  უწოდა შვედმა ბუნებისმეტყველმა, კარლ ლინემ, ბოტანიკური ბაღის დირექტორის, ღვაწლმოსილი ბოტანიკოსის, პიერ მა(გ)ნოლის (Pierre Magnol ) საპატივსაცემოდ.