ბულვარის განახლებული ბავშვთა მოედანი პატარებს მასპინძლობს
ძველ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი პატარებს უკვე მასპინძლობს. საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის, პატარებისთვის საზეიმო ღონისძიება მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი. ბავშვების გართობაზე ზღაპრის, მულტიპლიკაციური გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ.
„ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის ფარგლებში, ბავშვთა კუთხის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. ჩვენს პატარებს უკვე აქვთ საშუალება ეწვიონ საკმაოდ მიმზიდველ საბავშვო სივრცეს. ამ მიმართულებით ბათუმის ბულვარი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა მშობლებსა თუ ბავშვებს მოწესრიგებული გარემო პირობები დახვდეთ“.- განაცხადა ლაშა მიქელაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა მოედნის საფარი, ბავშვთა გასართობი კუთხე გაფართოვდა და დაემატა 20-მდე ახალი ხის ატრაქციონი. განახლდა საბავშვო ინფრასტრუქტურა:მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო პანდუსებით, ბეტონის დეკორატიული ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით.