23.10.2023

„ბულვარის ფესტივალი 2023 “ დასრულდა

სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით „ბულვარის ფესტივალი 2023“ გაიმართა. ორდღიანი ფესტივალი საერთაშორისო-სამეცნიერო  კონფერენციას და კულტურულ-გასართობ  ღონისძიებებს მოიცავდა.  ფესტივალის მეორე დღე გასართობ ღონისძიებებს დაეთმო, რომელიც ველომარათონით გაიხსნა. საფესტივალო სივრცე ახლადრეაბილიტირებულ „კოლონადა“-სთან მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ფესტივალში 50-მდე მცირე მეწარმე ჩაერთო. ბავშვთა კუთხე საბავშვო გასართობი აქტივობებით იყო გამორჩეული, კოლონადების მიმდებარე ტერიტორია კი კოსტიუმირებული პერფორმანსით, ბულვარის ისტორიის გაცოცხლებით, ძველი და თანამედროვე ბულვარის ამსახველი ფოტო-გამოფენით, კინო ჩვენების ზონით, საუნივერსიტეტო ზონით, მხატვრების კუთხით, სამეწარმეო მარკეტითა და სხვა საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული. ფესტივალის ფარგლებში, ბულვარის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფესტივალი ,,სალიო”-ს კონცერტით დასრულდა. „ბულვარის ფესტივალი“ წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.  ღონისძიება მიზნად ისახავდა ბულვარის ისტორიული და კულტურული ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ბაღის პოპულარიზაციას.