17.02.2026

ბათუმის ბულვარში უნებართვო ობიექტის კაფე-ბარ „ტყუპების“ დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის ბულვარში, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარ „ტყუპებს“ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც ობიექტების დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღნიშნული შენობა-ნაგებობები ხანძრის შედეგად იყო დაზიანებული და ბოლო წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა. სამუშაოები მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობითა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით მიმდინარეობს. დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება განხორციელდება. უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ხელს შეუწყობს ბულვარის, როგორც რეკრეაციული სივრცის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე, მოწესრიგებული დასასვენებელი გარემოს შექმნას.