ბათუმის ბულვარში ნონას თასის საზეიმო წარდგენა გაიმართა
დღეს, ბათუმის ბულვარში, ჭადრაკის მოედანზე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ქართული ჭადრაკისადმი მიძღვილი გამოფენა, ფლეშმობი, სახალისო ვიქტორინები და დიდოსტატებთან ერთობლივი თამაშები გაიმართა. საზეიმო ვითარების მთავარი ატრიბუტი კი, ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის საზეიმო წარდგენა გახდათ. „ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - FIDE - 1997 წელს დააწესა.
1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. „ნონას თასი“ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გამოიფინა: დედაქალაქში, კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და რაჭაში, სამეგრელოსა და გურიაში. დღევანდელ ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს.