ბათუმის ბულვარისა და ფონდ “ლირა”-ს საქველმოქმედო აქცია
ბათუმის ბულვარისა და ფონდ „ლირა“-ს ერთობლივი ორგანიზებით გამართული ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, დღეს, ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები ქ. ბათუმის 26 -ე საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრს ეწვივნენ და მათ საჭიროებების მიხედვით შერჩეული საჩუქრები გადასცეს.
ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯიჭარაძე, მოადგილე დავით სურგულაძესთან და თანამშრომლებთან ერთად, ინკლუზიურ სკოლაში მოქმედ სახელოსნოში შშმ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესს დაესწრნენ და შშმ მოსწავლეების თიხაზე, ბატიკაზე, თექასა და გობელენზე შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერეს.
ინკლუზიური სწავლების ცენტრთან არსებული თავისუფალი თეატრალური დასის „ცისარტყელა“ ბენეფიციარებმა სტუმრებისათვის სპექტაკლის „ერთი სოფლის ამბავი“-ს სარეპეტიციო ჩვენება წარმოადგინეს, რომლის თეატრალური პრემიერა თებერვლის თვეში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური ჯგუფის მოსწავლეები რეგიონში ხელნაკეთი ნივთების მომზადებითა და სახალისო სპექტაკლების დადგმით გამოირჩევიან, სწორედ ამ მიმართულებით გაკეთდა აქცენტი ბათუმის ბულვარისა და ფონდ “ლირას” მიერ და შეძენილი იქნა ხატვის, ძერწვისა და გამოყენებითი ხელოვნებისათვის საჭირო მასალა, ასევე, დაფინანსდა ახალი სპექტაკლის ფორმებით აღჭურვისა და სხვადასხვა სახის ატრიბუტიკის შეძენის თანხები. საქველმოქმედო კონცერტში ჩართული იყო აჭარის სხვადასხვა საჯარო და კერძო უწყება. კონცერტზე შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდა 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური ჯგუფის შშმ ბავშვების საჭიროებებს.