22.10.2026
22 ოქტომბერი — ხის დარგვის საერთაშორისო დღე
ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ბულვარის მებაღეებისთვის ხე-მცენარეების დარგვა და მოვლა - პატრონობა ყოველდღიური საზრუნავია, მათ მიერ გაწეული შრომა კი ქალაქის მთავარი ბუნებრივი სიმდიდრის შენარჩუნებას და დაცვას უზრუნველყოფს.
ბულვარის, როგორც უნიკალური ბაღის მწვანე სივრცეების შენარჩუნება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ლანდშაფტის ისტორიული იერსახის დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
მიმდინარე წელს, დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე სარეკრეაციო სივრცეები მოეწყო და ახალი ნარგავებით გამწვანდა. ამასთან, ბულვარის მწვანე სივრცეების გამდიდრებისა და გამრავალფეროვნების გაზრდის მიზნით, მხოლოდ მიმდინარე წელს, დაირგო 4 000 ძირი 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
ძველი და ახალი ბულვარის 35 ჰექტარი გამწვანებული ტერიტორია 60 000-მდე ხე-მცენარეს აერთიანებს. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ნარგავები, ისტორიული და საუკუნოვანი ხეები უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას ქმნის და თანაბრად ხიბლავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორს.