ბათუმის ბულვარს ირაკლი ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს
ბათუმის ბულვარის დირექტორად ირაკლი ჯინჭარაძე დაინიშნა. დღეს, ახალი ხელმძღვანელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ჯინჭარაძის საქმიანობაზე და განათლებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ირაკლი ჯინჭარაძე სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაზე, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული გამარტივებული კონკურსის წესით შეირჩა. ის პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. დამთავრებული აქვს თბილისის ბიზნესის და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტი იურისტ–ეკონომისტის სპეციალობით და ფლობს მაგისტრის ხარისხს. მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებში. 2017 წლიდან „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2011-2017 წლებში სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორად მუშაობდა, ა(ა) იპ - ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში. ასევე, ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში მთავარ ინსპექტორად (აუდიტი). აქვს 14-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის ამ პოზიციაზე ჩემი დანიშვნისათვის, ეს არის ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლო, რადგან ბათუმის ბულვარი თავისი 137-წლიანი ისტორიით რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ადგილს წარმოადგენს, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. სწორედ, ამიტომ საჭიროა ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასვენების ეფექტური პირობები შევქმნათ და ზღვისპირა პარკი ტურიზმისთვის დამახასიათებელი თანამედროვე სტანდარტებით აღვჭურვოთ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ძველი ბულვარის კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნება/კონსერვაცია, ბულვარში განთავსებული კვებისა და გასართობის ობიექტებისათვის შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავება/დანერგვა, ერთიანი მმართველობის ქვეშ მოქცევა ბულვარის სარგებლობაში არსებული მომიჯნავე ტერიტორიების“-განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
ოფიციალური წარდგენის შემდეგ, ბათუმის ბულვარის ახალ დირექტორს თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.