ეს ორიგინალური, იშვიათი და საუკუნოვანი კედარი ბათუმის ძველ ბულვარში, ცენტრალური შადრევნების მიმდებარედ შეგიძლიათ იხილოთ. პირამიდული ფორმის ხის სიმაღლე 25 მეტრს აჭარბებს. მისი დარგვა ბულვარის მთავარი მებაღის - მიხეილ დალფონსის სახელს უკავშირდება. ბათუმის ბულვარში 100-ზე მეტი კედარი ხარობს, თუმცა ჩვენს მიერ ფოტოზე აღბეჭდილი მათგან ყველაზე გამორჩეული, უცნაური და შთამბეჭდავია. კედარი (ლათ. Cedrus)-მარადმწვანე ხეა, რომელიც წიწვოვან მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. მცენარე მოიცავს 4 სახეობას, რომელთაგან 3 (ლიბანური, ატლასური და მოკლეწიწვა კედარი) გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ოლქის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, ერთი (ჰიმალაიური კედარი) — ჰიმალაის დასავლეთ ნაწილში. აგრეთვე ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიის სამხრეთ ნაწილში, სადაც კულტივირებულია 3 სახეობა: ლიბანური, ატლასური და ჰიმალაიური კედარი. საქართველოში ყველაზე ფართოდ არის მოშენებული ჰიმალაიური კედარი (ლათ. Cedrus deodara), რომლის სიმაღლეა 50-60 მ. კედარის ხეები საქართველოში შემოიტანეს XIX საუკუნის II ნახევარში. აქვს მაგარი, მკვრივი და გამძლე მერქანი, რომელსაც იყენებენ სამშენებლო და საავეჯო მასალად, ასევე გემთმშენებლობაში. უძველესი დროიდან კედარი ხიბლავდა ადამიანებს თავისი ბუნებრივი ძალით, სილამაზითა და სამკურნალო ძალით. მას უწოდეს მარჩენალი ხე, საიდუმლო, ღმერთების საჩუქარი. უძველესი დროიდან კედარის ხეები ითვლებოდა სასწაულებრივი ენერგიის წყაროდ.უძველესი შუმერები პატივს სცემდნენ კედარს, როგორც წმინდა ხეს. ეგვიპტის მეფის ტუტანჰამონის საფლავის დეკორაციაც დამზადებული ყოფილა კედრის ხისგან. თავისი თვისებების გამო, კედარის ფისი იყო მუმიფიცირების ნარევების ერთ-ერთი კომპონენტი, ხოლო კედარის ზეთის დაეხმარებით შემოინახა დღემდე ფასდაუდებელი ძველი ეგვიპტური პაპირუსები.
ბულვარის მრავალფეროვანი ფლორა
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.