თუკი ბულვარის ისტორიულ ხეივნებს მისთვის დამახასიათებელი ხე-მცენარეებით განვიხილავთ, მაგნოლიებთან, პალმებთან და ფიჭვებთან ერთად დაფნებიც აუცილებლად შეგვხვდება. ფორმირებული დაფნების ხეივანი ცენტრალურ სასეირნო ბილიკებს მიჯნავს და კიდევ უფრო მეტ სიმწვანეს და სწორხაზოვნებას სძენს მას. ისტორიულ ხეივანში, 70 ძირი დეკორატიული დაფნის ბუჩქი საბჭოთა პერიოდის ბულვარის განაშენიანებას უკავშირდება.
ზოგადი ინფორმაცია: დაფნა – (Laurus) დაფნისებრთა(Lauracaes) ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე, ორსახლიანი ხეა, რომლის სამშობლო ხმელთაშუა ზღვისპირეთია. დაფნის ორად-ორი სახეობაა ცნობილი – კეთილშობილი დაფნა (Laurus Nobilis) და კანარიის დაფნა – (Laurus canariensis). მცენარე ნაკლებ პრეტენზიულია და მარტივად ეგუება ყველა ტიპის ნიადაგს. მისი გამრავლება ხდება თესლით, კალმითა და ფესვის ამონაყარით. კეთილშობილი დაფნის ხე კარგად ეგუება გასხვლა-ფორმირებას. დაფნის ფოთლები და ყლორტები ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, მედიცინასა და პარფიუმერიაში, როგორც გამხმარი ასევე ნედლი სახით. ისტორიულ წყაროებში დაფნის ხე მოხსენიებულია როგორც დიდების, გამარჯვებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ.