სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით „ბულვარის ფესტივალი 2023“ გაიმართა. ორდღიანი ფესტივალი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციას და კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს მოიცავდა. ფესტივალის მეორე დღე გასართობ ღონისძიებებს დაეთმო, რომელიც ველომარათონით გაიხსნა. საფესტივალო სივრცე ახლადრეაბილიტირებულ „კოლონადა“-სთან მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ფესტივალში 50-მდე მცირე მეწარმე ჩაერთო. ბავშვთა კუთხე საბავშვო გასართობი აქტივობებით იყო გამორჩეული, კოლონადების მიმდებარე ტერიტორია კი კოსტიუმირებული პერფორმანსით, ბულვარის ისტორიის გაცოცხლებით, ძველი და თანამედროვე ბულვარის ამსახველი ფოტო-გამოფენით, კინო ჩვენების ზონით, საუნივერსიტეტო ზონით, მხატვრების კუთხით, სამეწარმეო მარკეტითა და სხვა საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული. ფესტივალის ფარგლებში, ბულვარის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფესტივალი ,,სალიო”-ს კონცერტით დასრულდა. „ბულვარის ფესტივალი“ წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ სახეს მიიღებს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბულვარის ისტორიული და კულტურული ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ბაღის პოპულარიზაციას.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.